გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი დღეს დაკრძალეს. როგორც გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დღეს ტაძარში სასულიერო პირმა ახლობლებს მათი დატირება აუკრძალა.
“დღეს ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ… მადლობა მთელ საქართველოს თანადგომისთვის, მაგრამ რომ არ დამეწერა ბოღმისგან ვიხრჩობი…
საკათედრო ტაძარში დავასვენეთ ორი მიცვალებული… რა თქმა უნდა, დედა შვილს, შვილიშვილს დასტირის და აჩუმებს… რომელ საუკუნეში არ იყო დატირება ტაძრებში მაინტერესებს? ერეკლე მეფეს დასტიროდნენ მარტო სვეტიცხოველში? საიდან ხართ ეს ამდენი შტერი და თავხედი ანაფორიანი? ვაჟა- ფშაველა არ დაიტირეს თუ დატირებაც აგვიკრძალეთ?
– წყევლა მაწყევარისა აივლიდა და ჩაივლიდა! იმას თავის უბედურებაც ეყოფა ვლოცულობო მისი სულისთვისო? – შოკი მივიღე, მკვლელისთვის ლოცულობს? ხატზე გადაცემა რომ იყო არა თუ დამნაშავის, არამედ მთელი გვარის ლენჩო მღვდელო, უწიგნურო, პირველად გაიგე? ქართული კინო მაინც არ გინახავს თუ წიგნები არ წაგიკითხავს? ლომისის ხატს რომ გადასცეს გვარი და თანამონაწილეები გოგოს მოტაცების გამო, დღემდე არ გამომდის მეხსიერებიდან და მთას არ ამოუღია ხმა! გვარს არ უშვებდნენ ლომისაში ხალხო, გვარს! საკლავს არ აკვლეინებდნენ და სანთელს არ ანთებინებდნენ! აი, ის იყო ეკლესიაც, დეკანოზიც და ადათ – წესიც!
დღეს საერთოდ წირვა ჩემი ჭკუის დარიგებას უძღვნა! ინტერნეტსივრცეში პოსტების წერას! სატელევიზიო ინტერვიუებს! ეტყობა, რეზო ელიბარაშვილის ფულებს იჩხრიალებდა ცოდვების მოსანანიებელს!
მღვდელი რომ ხარ, დიახ, ყველას უნდა მოუწოდო, რომ არ შერჩება სხვისი ოჯახების გამწარება და შავებში ჩაცმულ დედას, გამწარებულს არ უნდა გაუბედო არ დაიტირო შვილიო და არც არავინ იწყევლებოდა იქ!
ჩემი საბერძნეთიდან ჩამოსულ დეიდაშვილს დიმიტრის მივუბრუნდი და ვუთხარი – დიმიტრი, მე რომ მოვკვდები, მთელმა საქართველომ რომ სვეტიცხოველში მოითხოვოს ჩემი დასვენება, არ დამასვენო მეთქი!- გარეთ გამოვედი…
მე ვერ გავაცოცხლებ ანას და მართას, მაგრამ გამოდი ეკლესია და შენ დაწყევლე! ხატზე გადაეცი მთვრალი და ნარკომანი მძღოლი და ნუ შეუნდობ შესაწირის გამო ცოდვებს! შენ აღკვეთე ეს უსამართლობა 500 ადამიანი რომ მოკვდა, გასულ წელს და მათ შორის 28 ბავშვი!
მე ვიბრძოლებ, რომ ჩემი მართა ბოლო ბავშვი იყოს მკვდარი ლოთი, ნარკომანი, თავში ავარდნილი გოიმების გამო! ყველამ თავ-პირში უნდა გირტყათ. ვინც დრიფტაობთ და სოფლებში ხალხი თავისი სახლის კართან ვერ დამჯდარა თქვენი შიშით!
ხამებო და არასწორო ხალხო!” – წერს ირმა ამბარდნიშვილი.
ცნობისთვის, 13 ივლისს, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე “ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი.
